ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას სააკაშვილის უკრაინაში „მოღვაწეობის“ საკმაოდ საინტერესო დეტალები გაიხსენა“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და ინტერვიუდან ამონარიდებს აქვეყნებს:
„სააკაშვილის ერთადერთი პრინციპულობა ნარცისიზმია. მას ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს, უფრო მეტად ვიდრე საქართველო და უკრაინა, ვიდრე ნებისმიერი თავისი ახლობელი და ნათესავი. სააკაშვილისთვის მხოლოდ მისი წარმატებაა მნიშვნელოვანი და მზად არის ამისთვის, აბსოლუტურად უგუნური საქციელი ჩაიდინოს. პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ უკრაინაში მიწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა მას შემდეგ, რაც დაემხობოდა ხელისუფლება.
გარდა ამ საუბრებისა, ჩვენ დავაფიქსირეთ თვითონ თანხის გადაცემა, რომელიც უკრაინაში შუამავლებმა ჩაიტანეს. ეს თანხა არჩეული ხელისუფლების დასამხობად იქნებოდა გამოყენებული. ამ დროს უკრაინა რუსეთს ეომებოდა. დანომრილი ფული იყო გაგზავნილი მოსკოვიდან უკრაინაში და ისინი გადაეცა და დაუნაწილდა სააკაშვილის მხარდამჭერებს. სააკაშვილი უკრაინის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის იდეას არღვევდა, რაზედაც პასუხი უნდა აგოს. მთელ უკრაინას ახსოვს თუ როგორ ამბობდა სააკაშვილი იმას, რომ პოროშენკო როგორც კი არ იქნებოდა პრეზიდენტი, პენსია სამჯერ გაიზრდებოდა. უკრაინელ პენსიონერებს ახლა გული სწყდებათ, რომ ამ უპასუხისმგებლო მოლაყბის სიტყვებს ენდობოდნენ. სააკაშვილი ჩვენ გვასწავლიდა, როგორ უნდა მომხდარიყო სასამართლოსა და პოლიციის რეფორმა, მაგრამ საკუთარ მაგალითზე რომ ეჩვენებინა, მიუკერძოებელი სასამართლო როგორ გაასამართლებდა მას, ეს ვერ გაბედა. ყველას ესმოდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის დემაგოგია. არავითარი ეკონომიკური ცოდნა მას არ აქვს, უბრალოდ მას მაშინ საქართველოში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, რომელმაც შეცვალა საქართველო.
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უკრაინაში მის მიმართ პატივისცემა ნული იყო. ყველა მისი პოლიტიკური რეიტინგი 1%-ზე დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, მასთან მტრობა არავის უნდოდა და ის ამას იყენებდა. ის ამბობდა, გიყვარდეთ, მომეცით თანამდებობა და მე გავხდები თქვენი მეგობარი. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მან დაარღვია ყველა შესაძლებელი კანონი და წესები“.