ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ახლად არჩეულმა მერმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.
„მოქმედმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასი ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტები განსაზღვრულია. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდობა, კულტურა, სპორტი და სხვა.
პროცესი წარიმართა საბიუჯეტო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის და ვადების დაცვით. რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენია ბიუჯეტი, რა არის მისი ძირითადი პარამეტრები, რაშია ეს სახსრები გადანაწილებული. მიიჩნევენ მას როგორც ინსტრუმენტად, იარაღად, რომ შეიყვანონ მუნიციპალიტეტი ჩიხში, კრიზისში“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად რამდენჯერმე შეეცადნენ შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ადგილზე შეკრებილებს და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირებაც.