„ითხოვდეს და მიეცესო. შეუძლია საინიციატივო ჯგუფი შეკრას, დააყენონ ინიციატივები. როგორც გავიგე, რაღაც ახალ პროტესტის ფორმებს იგონებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელშიც აცხადებს, რომ „უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს“.
მისივე თქმით, მას საკმაოდ ბევრი დრო აქვს საიმისოდ, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს.
„ექვსი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს, განახორციელოს, თუმცა არის კიდევ რამდენიმე მიმდინარე საქმე, რომელიც ჯერ არ ვიცით, როგორ დამთავრდება და შეიძლება, ექვს წელზე მეტი იყოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სააკაშვილზე საუბრისას სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკმარისი მნახველები ჰყავს.
„ორ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში სააკაშვილთან იყო იმაზე მეტი მნახველი, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ყველა პატიმართან ერთად აღებული, საკმარისი მნახველები ჰყავს. გავიმეორებ, რაც შეეხება პროტესტის ფორმებს, ექვსი წელი საკმარისი დროა, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს ან გაიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ციხეებში საკმარისად არსებობს. ძალიან ბევრი პროტესტის ფორმა აქვთ და შემდეგ მორიგი გამარჯვებები იზეიმონ ხოლმე, თუ სადმე გადაიყვანენ – ერთი დაწესებულებიდან მეორეში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.