პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია გრძელდება.
მოედანზე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. კოსტავას სახელობის პატარა პარკში მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე, არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარე-განათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2022 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება.