„მსგავსი ტიპის მიდგომები - საზოგადოებრივი შრომა სოციალური ბენეფიტების ნაცვლად, უკვე არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სოციალური დახმარების მიღება. ჯერ ერთი, თანხაში ეს უფრო მეტია და თანაც ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა, შეფუთვა. გვესმის, რომ ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ სოციალურ პოლიტიკის სფეროში პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანები ერთვებიან სამუშაო პროცესში, მათ უჩნდებათ ამბიცია, რომ სამუშაო პირობები გაიუმჯობესონ. თუ ადამიანი ერთხელ იწყებს მუშაობას, ის იწყებს ფიქრს კარიერულ წინსვლაზე და შემოსავლის ზრდაზე. ამისთვის მას სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება. მუშაობის პარალელურად იქნება გადამზადება, მომზადება და კვალიფიკაციისა და უნარების მიწოდება საზოგადოებისთვის. შესაბამისი სოციალური დაცვის უზრუნველყოფაც იმისთვის, რომ ადამიანების ყოფა კი არ გაუარესდეს, არამედ მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდეს და უფრო ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.
„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.