„ჩასაფრებულია ირგვლივ ყველა, ისტორია მაინც არ წაუკითხავთ, მუდმივად რომ ასე ვართ?! მხარს იმიტომ გვიჭერენ, რომ ძალიან კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს! მიხვდნენ ბოლოსდაბოლოს ამას, სრული დეგენერატები ხომ არ არიან?! მთელი ჩვენი ქვეყანა ამაზე წუხს…“ – გვითხრა ცნობილმა რეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მწვავედ გააკრიტიკა და მათ საქმეზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა…
– მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკა უმდაბლეს განათლების და კულტურის დონეზეა. ვერა და ვერ მოახერხეს ერთმანეთთან ცივილიზებული ურთიერთობა, რის გარეშეც ქვეყნის მართვა შეუძლებელია! თუ საქართველოსთვის არსებობენ, თუ არიან ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ, დასხდნენ და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე გველაპარაკონ! სანამ ქუჩაში იქნებიან და ერთად არ დასხდებინ როგორც მმართველი პარტია, ასევე მათი მოწინააღმდეგეები, მანამდე ვერაფრით გავხდებით თანამედროვე, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლი ქვეყანა! მიხვდნენ ბოლოსდაბოლოს რომ მეტი დაპირისპირება აღარ შეიძლება!
– მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას როგორ შეაფასებდით?
– ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა! ჯერ კიდევ, თვაისივე ინაუგურაციის დროს კონსტიტუციაზე ფიცი დადო და საზღვარზე ჩუმად გადმოპარვით თავისივე კონსტიტუცია დაარღვია. აღარ მსურს სხვა მხრივ ყურადღება გავამახვილო მის ქცევებზე, მაგრამ მორალურად ვერაფრით ვერ დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, რომელზეც პირველმა მეუღლემ არ იცის, რომ უკვე მეორე მეუღლე ჰყავს… მე თუ თანამდებობაზე ადამიანი უნდა ავირჩიო, რომელიც ჩემს ქვეყანას წარმართავს – მორალურად, საზოგადოებრივად, პოლიტიკურად მის სისწორეში დარწმუნებული უნდა ვიყო. მიხეილ სააკაშვილს დაშვებული აქვს შეცდომები, რომელზეც პასუხებია გასაცემი…
– ბიძინა ივანიშვილზე რას იტყოდით?
– ცალკე საკითხია დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი შეცდომა აქვს! მეტად უნდა ცდილობდნენ დიალოგი აწარმოონ დღევანდელ ოპოზიციასთან, უფრო მეტად ინტელექტუალურად გაწონასწორებულები უნდა იყვნენ! ასე პირდაპირ არ უნდა ერთვებოდნენ ყველანაირ დაპირისპირებაში და მთელი დრო ერთმანეთის ლანძღვაში არ უნდა გადიოდეს! იძახიან, მიხეილ სააკაშვილს ცუდად მოექცნენო, მაგრამ ადამიანი რომელიც ქვეყანაში შემოიპარა, მისი ქცევაც სწორი იყო? – ის რომ თვითმფრინავში ჩამჯდარიყო, ჩამოფრენილიყო და დაეკავებინათ, ბევრად უფრო ვაჟაცურად გამოჩნდებოდა ჩვენს თვალში. მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა საზღვრის გადმოლახვით! მიუხედავად ამ ყველაფრისა, მმართველმა ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა მოითმინოს, ყველაფერი ეცადოს პარლამენტში რომ დასვას ოპოზიცია და ხალხმაც ბოლოსდაბოლოს გავიგოთ ოპოზიციას რა უნდა! ძალიან მინდა ხმა იმას მივცე, ვიზეც მეცოდინება რა უნდა! თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია იმდენს ვერ ხვდებიან, რა შეიძლება ქვეყანას დაემართოს ამ არეულობით, რაც ერთხელ უკვე ოთხმოცდაათიანებში დაგვემართა, მაშინ მთლად წასულა საქმე! ქვეყანაში ტოტალური გაჭირვებაა, მაგრამ პარადოქსია და ქუჩაში გავლა ნებისმიერ დროს შეუძლებელია. ანუ აქვს ქვეყანას შესაძლებლობა ამდენი მანქანა იყოს მილიონნახევრიან ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ ხალხში არის წინსვლის ინიციატივა და საქმიანობა შეუძლიათ… ჩვენი ხელისუფლების ამჯერად მიღებული გადაწყვეტილება, არა დახმარების, არამედ დასაქმების შანსი, იმედის მომცემია და მაგას ვემხრობი. ამიტომ, ხელისუფლებაც და ოპოზიციც ქუჩაში კი ნუ იბრძოლებენ, საქმე აკეთონ.