„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს,“ - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდება და მოწესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; დამონტაჟდება საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. პროექტის ღირებულება 2 277 800 ლარია.
სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.
„საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხრამ-არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
„ქვემო ქართლში განსაკუთრებით მაღალია სარწყავ წყალზე მოთხოვნა. შესაბამისად, საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად ვახორციელებთ. ხრამ-არხის რეაბილიტაციით, ჩვენ შევამცირებთ წყლის დანაკარგს, გავაუმჯობესებთ სარწყავი წყლის მიწოდებასა და მართვას, რასაც ადგილობრივი ფერმერების წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სავარგულების სტაბილურად მორწყვისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დავით წითლიძემ.