logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ბრიტანეთი სამოგზაურო წესებს ამკაცრებს და პირბადის ტარებას კვლავ სავალდებულოს ხდის
- +

28 ნოემბერი. 2021. 10:45

 

 

„მომდევნო კვირიდან, ინგლისში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელებაა,“ - ამის შესახებ BBC წერს.

 

ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში ნებისმიერი შემსვლელისთვის, PCR-ტესტის ჩატარება სავალდებულო იქნება და ყველა, ვისაც ახალი შტამით ინფიცირებულთან კონტაქტი დაუდგინდება, თვითიზოლაციაში გადავა, თუნდაც კოვიდვაქცინის ორივე დოზით იყოს აცრილი.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ეს ზომები „დროებითი და პრევენციული“ იქნება.

 

„როგორც ჩანს, „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება და შეიძლება, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შორისაც იყოს“, - თქვა მან.

 

სავარაუდოდ, შეზღუდვები 3 კვირით იმოქმედებს.

 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორისაა ბრიტანეთიც. შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner