საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მანამდეც ჰქონდა პროცესში ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობა, რაზეც მან უარი თქვა.
„სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა მსჯავრდებულების უფლებები, საქართველოში არის დაცული, ამიტომ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით სპეკულაციები ვფიქრობ, უადგილოა. ვერ მოვისმინე ვერც ერთი საფუძვლიანი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არის ასეთი ხელოვნური აჟიოტაჟი. მსჯავრდებულ სააკაშვილს მანამდეც ჰქონდა პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაზეც მან უარი თქვა. ეს ონლაინ მონაწილეობაა, რომელსაც იყენებს ათასობით მსჯავრდებული პირი. ეს არ არის ჩვენ მიერ დადგენილი წესი, ესაა საერთაშორისო სტანდარტი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე. თუ რაიმე სათქმელი აქვს სასამართლოსთვის, შეეძლო, გამოეყენებინა.
ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მათ ეს პროცესი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ რეალურად გაირკვეს, რა დანაშაული აქვს ჩადენილი სააკაშვილს და იმართლოს თავი ამ ბრალდების ნაწილში. მათი მიზანი სულ სხვაა, პოლიტიკური მოტივია, რომ როგორმე სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის. მინდა, ყველას შევახსენო, ესეც ფუჭი მცდელობაა. იმთავითვე ცნობილია, რომ ის უცხოეთის მოქალაქეა, არანაირი უფლება არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის და იმ ადამიანებს, ვინც მის ამ ბინძურ თამაშში არიან ჩართული, ტყუილად აქვთ იმედი. თურმე მის მოწოდებაზე სასამართლოსთან მობილიზება უნდა იყოს, შეიკრიბონ მისი მომხრეები და აქედან გამომდინარე როგორმე შექმნან სურათი, რომ არის ხელოვნური დაძაბულობის კერები. ვფიქრობ, დღეს ეს საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება ის დღის წესრიგი, რომელიც შესთავაზა ბატონმა პრემიერმა, უაღრესად საქმიანი და საჭიროებებზე მორგებული და არა ის, რასაც სააკაშვილი სთავაზობს, რომ თურმე ხან სასამართლოსთან უნდა იყოს აქცია, ხან ციხესთან, ხან მის გასათავისუფლებლად უნდა შეიქმნას რაღაც პლატფორმა, ეს არის აბსოლუტურად საღ აზრს მოკლებული.
მისი სასამართლოზე დასწრება არ უნდა იყოს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, არც პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და არც მითუმეტეს იმ პირისა, ვინც გამოდის ასეთი ანგაჟირებული განცხადებებით, რომ თურმე ქვეყანაში რაღაც აპოკალიფსური მდგომარეობაა, თითქოს სააკაშვილს არ ეძლევა თავისი სიმართლის დადგენის შესაძლებლობა. ეს წმინდა წყლის სიცრუეა, მას სრული შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება ხვალინდელ მის პროცესს, ეს კონსილიუმის და ექიმების გადასაწყვეტია, უპირველესად პენიტენციური სამსახურის გადასაწყვეტი. ვფიქრობ, ყველაფერი ჩაივლის კანონის სრული დაცვით. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, რომ ზედმეტად გახურებული თავების მოწოდების შესაბამისად მოახდინოს კანონის დარღვევა და წინააღმდეგობა გაუწიოს დადგენილ ნორმებს, ვფიქრობ, ამასაც პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ღუდუშაურის თქმით, ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და სააკაშვილის ბინძურ თამაშს არ აყვნენ.
„სააკაშვილს უჭირს მართლმსაჯულების მიღება, რომელიც არის სამართლიანი, კანონიერი“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
რაც შეეხება ოპოზიციის აქციებს, ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები არათანმიმდევრული, არასაფუძვლიანი და არაამქვეყნიურია.
„ოპოზიციის ბოლოდროინდელ ქმედებებს თუ შევხედავთ, შეინიშნება ძალიან დიდი დაძაბულობა, დაპირისპირება და დაქსაქსულობა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ რადიკალურ ჯგუფს, როგორც ჩანს, თავში აზრად მოსდის ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ერთადერთი კაცის ახირებას ემსახურება – ეს არის სააკაშვილი. მინდა, ვისურვო, რომ მათაც ეყოფათ გონიერება და ხელს აიღებენ ისეთი ბინძური განზრახვისგან, რაზეც მსჯავრდებული სააკაშვილი მოუწოდებს. ალოგიკური იყო თავის დროზეც ოპოზიციის რადიკალური ჯგუფების მოწოდება და რადიკალური ნაბიჯების დაანონსება. მით უფრო დღეს ალოგიკურია მათი მოთხოვნები. მათი მიზანია, როგორმე ქაოსი შექმნან ქვეყანაში და რევოლუციური გზით თითქოსდა დააბრუნონ მსჯავრდებული, კრიმინალი სააკაშვილი ხელისუფლებაში. ნათლად ვხედავთ, რომ მათ ამ მოქმედებებს და ზრახვებს არანაირი გაგრძელების პერსპექტივა არ გააჩნია, ისევე როგორც თვითონ სააკაშვილის მოქმედებას არ უწერია ახდენა. მისი მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხის მოთხოვნებს. თუ მათი ქმედებები გასცდება კანონს, ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.