პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ისაუბრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმისთვის, ნიკოლოზ ყიფშიძისთვის 125 ათასი ლარის ოდენობის მომსახურების გაწევას უკავშირდება.
„აქ საუბარი არის არა იმაზე, რომ ექიმი უწევს სამედიცინო დახმარებას პრეზიდენტს, არამედ თავად ექიმს დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, რომელიც მან მიიღო საზღვარგარეთ. ვადასტურებთ, რომ ეს იყო სამკურნალო ვიზიტი მისი მხრიდან, ისიც გასაგებია, რომ სოციალურ სახელმწიფოში ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხარჯების გაღება, მაგრამ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ და არა გრიფით „საიდუმლო“ და არა იმ ოდენობით და იმ დაწესებულებაში, სადაც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა. ამაზე აფუძნებს ბრალდების მხარე საკუთარ ბრალდებას, როდესაც ამტკიცებს, რომ ამ თანხების ხარჯვა მოხდა არამიზნობრივად“, - ამბობს გულუაშვილი.