„დღეს, როდესაც სააკაშვილი დაკავებულია და გამოთქვამს სურვილს წარდგეს სასამართლოს წინაშე, ამის მიზანი, თავად ადვოკატების თქმით, არის ის, რომ მან გააკეთოს განცხადება და არა ის, რომ მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა მტკიცებულებების გამოკვლევაში“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებების მიუხედავად, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, ის უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის 2 საქმეზე - ე.წ. გირგვლიანის საქმეზე და ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საქმეზე. დღეს კი სასამართლო კიდევ ორ საქმეს განიხილავს - 7 ნოემბრისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების გაფლანგვის საქმეს.
„რაც შეეხება უშუალოდ მიხეილი სააკაშვილის მიმართ არსებულ მტკიცებულებებს, საქმეში არსებობს როგორც კონკრეტულ პირთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ უშუალოდ მის ჩართულობას და მისი მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელებას საერთო დანაშაულებრივი ქმედებების კონტექსტში“, - აცხადებს პროკურორი.