მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ადასტურებს.
7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გეგმავს.
დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.