ფინანსთა მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების მუშაობის გამკაცრების ხედვას წარადგენს. პროცედურის მიხედვით, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. სავარაუდოდ, კანონმდებლები ცვლილებებს წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.
„ჩვენი საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება მთავრობის ინიციატივას აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ინიციატივა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, ის პარლამენტის ბიუროს გადმოეგზავნება განსახილველად, რომელიც გადააწერს სათანადო კომიტეტებს და საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოვემზადებით პლენარული სესიისთვის“, - განმარტავს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი.
პრემიერის ინიციატივით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს. ინიციატივა სამ კომპონენტს მოიცავს - ასაკობრივი ზღვრის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვასა და ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.