logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:03

 

 

 

კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პასუხისმგებლობიანი ქმედებებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის ელჩი საქართველოში აღნიშნავს, რომ მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ამბობს, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

„იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ სცენარში.

 

მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა ელჩმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner