logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოსთან, ვითარების დაძაბვისას, სამართალდამცველი დაშავდა
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:21

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველი დაშავდა.

 

სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობდნენ. რამდენიმე მხარდამჭერმა ღობეზე ასვლა სცადა, ერთ-ერთი პირი კი, დაცვის სამსახურის ჯიხურის სახურავზე ავიდა. ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას, ჩამოსულიყო ჯიხურიდან, რის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელმა მისი ჩამოყვანა სცადა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ დაუპირისპირდა.

 

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყო. განხილვას თავად ბრალდებულიც ესწრება.

 

საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავს.

 

დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, უწყება აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. დღეს განსახილველ საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner