„საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გავემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა
მისი თქმით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ანიჭებს ევროკავშირში ინტეგრაციას.
„დღეს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გავემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. ასოცირებული ტრიოს ფორმატი კარგად დამკვიდრებული ფორმატია და ის დაფუძნდა გასული წლის მაისში კიევში, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მას შემდეგ პირველი ვიზიტი ტრიოს ფორმატში გაიმართა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ეს არის უკვე დონით უფრო მაღალი ვიზიტი, ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ფორმატში და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ევროკავშირში ინტეგრაციას.
ვიზიტი იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე. 14-15 დეკემბერს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული ის პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები, რა მოლოდინებიც აქვთ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებით. ცოტა ხნის წინ მე ვიმყოფებოდი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, უკვე განხილული იქნა ის თემები და აღნიშნული ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს საქართველოს პოზიცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ვიხილოთ საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ვიხილოთ მხარდაჭერილი ის ძირითადი პრინციპი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დაკავშირებადობა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების ხილვა. ასევე ასოცირებული ტრიოს სურვილია, რომ ჩვენ გვქონდეს წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და რაც შეიძლება გააქტიურდეს სექტორული კუთხით თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ასე, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებით იყოს ადეკვატურად შეფასებული და ჩვენ ვიხილოთ კონკრეტული შედეგები საბოლოო დეკლარაციაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.