„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდელო ინიციატივებსა და პროექტებზე.
რატი იონათამიშვილმა, რომელიც 2020 წელს არჩეული იქნა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად, ახალგაზრდებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პარალიმპიურ მოძრაობაში ახალგაზრდა შშმ პირთა ჩართულობასა და ქვეყნისთვის პარასპორტის განვითარების მნიშვნელობაზე.
დეპუტატმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობაზე.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ პროცესებზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვყავს ინტერესით სავსე სტუდენტები, რომლებსაც აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და უკეთესი ხვალინდელი დღე. მათ აქვთ ძალიან საინტერესო კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.