ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას ითვალისწინებს კანონპროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
მომხსენებელის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ინიციატივა გულისხმობს გარდამავალი პერიოდის შექმნას, რომელიც 2022-2030 წლებს მოიცავს და ამ პერიოდში გადადგმული იქნება თვისობრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ორიენტირებული და მორგებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე - ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნაზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად 2030 წლის 1-ელ იანვრამდე, დგინდება კომპლექსური გარდამავალი პერიოდი, როდესაც დაწესებულებათა ავტორიზაციას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. გარდამავალ პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები. დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული სისტემა.
ასევე კერძო და საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიერ შეიქმნება თვითშეფასების აქტები და გაიწერება თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე მორგებული ავტორიზაციის გეგმა-გრაფიკი. ამით იქმნება უწყვეტი განათლების სისტემა, რომელიც ადრეული და სკოლამდელი განათლებით იწყება.
მომხსენებლის თქმით, ეს არის მხოლოდ დროებითი მექანიზმი, რომელიც 2030 წლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ავტორიზაციის პროცესს კვლავ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გაუძღვებიან.
საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის თანმდევ ორგანული კანონის პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.