„ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „აუდიტის, რისკისა და შესაბამისობის“ პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელთა საერთაშორისო კონფერენცია (Audit, Risk and Compliance User Group Conference - 2021) ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია „Ideagen“-ის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა დარგში არსებული გამოწვევების, ინოვაციებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას.
საერთაშორისო კომპანია „Ideagen“-ის კონფერენციაზე ერთ-ერთ სპიკერად მიწვეული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი შიდა აუდიტორი, გიორგი ჭიპაშვილი, როგორც შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის წარმატებული მომხმარებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გამოცდილება გაუზიარა.
ამასთან, პრეზენტაცია შეეხო როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვით მიღებულ პოზიტიურ ეფექტს, ასევე ხედვას იმ სასურველ ცვლილებებსა და გაუმჯობესების პოტენციალზე, რომელიც აუდიტის, რისკებისა და ინციდენტების მართვასთან დაკავშირებული პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციას ემსახურება და საბოლოო ჯამში შეუწყობს ხელს საქმიანობის ხარისხის შემდგომ ამაღლებას.