„მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ალტერნატიული ისტორია,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მან თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და ეს იყო პიარი, ასევე 7 ნოემბერი იყო გეოპოლიტიკური საფრთხეებისგან დაცვა. ეს არის ალტერნატიული ისტორიის ნაწილი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ყვებოდა, ახლა ისევ აგრძელებენ ისტორიის ასე წარმოჩენას და საკუთარი მხარდაჭერების დაჯერებას. გამონათქვამებიც, ცინიკური მიდგომის ნაწილია, რომ „როცა ხეს ჭრი, ნაფოტები ცვივა“. სამწუხაროდ, როცა სინანული არ არსებობს, სწორედ ასე ნაფოტებად ხედავენ გირგვლიანს, 7 ნოემბერს დარბეულ ადამიანებს და დანარჩენ მსხვერპლებს. სინანულის ორი აქტი არსებობს - ადამიანური, რომელიც მას არ აქვს და სამართლებრივი სინანული და როგორც ხედავთ, ის არც სამართლებრივად არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.