logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:24

 

„მიხეილ სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე“, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სასამართლო დარბაზში. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით, სააკაშვილს ახალი არაფერი უთქვამს.

 

„ახალი არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა დაადასტურა - რა სადისტიც იყო ადამიანური თვალსაზრისით, მასში არაფერი შეცვლილა. საკმარისია რაღაც სადავე ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე მეთოდით და კიდევ უარესით გააგრძელებს ცხოვრებას. ეს ყველამ ვიცოდით. მაგრამ არა მგონია მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე აღმოჩენა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა დიდ ბანაკს დაემსგავსებოდა, სადაც კონკრეტული ადამიანების ჯგუფს ექნებოდა პრივილეგია აქოს და დაჩაგროს ვინც უნდა და განახორციელოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს სახელმწიფოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner