პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შიდა ქართლის „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას დევნილ მოსახლეობას მიმართა და მადლობა გადაუხადა გამძლეობისთვის. პრემიერის თქმით, 2017 წლისთვის ხელისუფლება მთლიანად გადაჭრის შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემას და ყველაფერს გააკეთებს მათი მორალური ტვირთის შესამსუბუქებლად.
„მინდა მივესალმო დევნილებს და მადლობა გადავუხადო მათ გამძლეობისთვის. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ. ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს. დაგეგმილი გვაქვს 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა. ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვრისპირა სოფლებს. განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა და ვუთხრა, რომ ჩვენ, სახელმწიფო მათ გვერდზე ვართ. საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა სოფელში, და ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირება და დღეისთვის ყველა უზრუნველყოფილია გაზით. ასევე, ყველა ეს სოფელი გამრიცხველიანებულია. 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა. 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში და ვაფინანსებთ მათ ბაკალავრიატსა და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სოფლების მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მორალური ტვირთი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.