„მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერცერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერცერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც, იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ბრალდების ძირითადი ეპიზოდია“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ვერ მოისმინეს ვერცერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებაზე.
„ჩვენ ვერცერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონებები.
ჩვენ ამაზე გვაქვს მტკიცებულებები წარმოდგენილი, ე.წ. მემორანდუმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაფორმდა ამ ოჯახის მიმართ, საიდუმლო პირობებში - ეს არის უტყუარი დასტური, რომ ამ ოჯახს ჩამოართვეს ქონებები. ამაზე მოვისმინეთ ერთი სიტყვა ბრალდებულის მხრიდან? ეს შეკითხვები არსებობს, ეს მტკიცებულებები არის წარმოდგენილი და იგი პასუხებს ვერ სცემს.
თქვენ ალბათ, მოისმინეთ პატივცემულო სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ბრალდებულმა, მანიაკური უწოდა 7 ნოემბრის საქმის გამოძიებას. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ არავინ დაზარალებულა? ეს მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი და ნაცვლად იმისა, რომ ამ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ და დემონსტრირება მოვახდინოთ, ვისმენთ პოლიტიკურ პოზიციებსა და ერთსაათიანი გამოსვლა ვიხილეთ მხოლოდ სანახაობა პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით", - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმესა და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკური და „პიარული“ უწოდა.
„ჩვენ, როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმესა და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკური და „პიარული“ უწოდა.
ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და პიარულად დავარქვით. ამ უსასტიკესი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულების შეწყალებას ასე აფასებს ამ საქმის ბრალდებული სააკაშვილი“, - განაცხადა პროკურორმა.