„ვნახეთ ძალიან სამარცხვინო შოუ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა დარჩა დიქტატორ სააკაშვილისგან“, - ასე აფასებს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას. როგორც მან „ქრონიკაში“ განაცხადა, სასამართლო პროცესზე სააკაშვილისგან „ტყუილების კასკადი“ მოვისმინეთ.
„თურმე ის იმიტომ შემოიპარა საქართველოში, რომ ნაძალადევის რაიონის განყოფილებას ჩაჰბარებოდა. თუ მართლა ციხის გამო ჩამოვიდა, შეეძლო ნებისმიერი გზით, კანონიერად შემოსულიყო ქვეყანაში და იქვე დააპატიმრებდნენ. იგივე შიმშილობასთან დაკავშირებით, დღესაც დასრულდა მითი, რომ თურმე ღმერთკაცი ყოფილა და 50 დღე უშიმშილია. აგერ, ვნახეთ როგორ ჯანმრთელობა ჰქონდა დღეს სასამართლოზე. თუმცა პირველ რიგში მისი მომხრეებისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო ის, როცა თქვა, რომ არის უკრაინის მოქალაქე და თარჯიმანი უნდა მოეყვანათ, იმიტომ რომ საქართველოს სასამართლოში უკრაინულად აპირებდა პასუხების გაცემა შეკითხვებზე. და მთავარი ტყუილი, რომ ის თითქოს ისტორიული ფიგურაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვის. იცით, კაცმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობისთვის უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე“, - ამბობს ბოჟაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
https://cdn.imedi.ge/new/V/2111/34/38/51/xiqUFOvwgEaoZMO2dQWRiQ/gia1.mp4