„საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება, ყველა პაციენტი იმართება კლინიკის დონეზე, ამ ეტაპზე არ არის არანაირი დეფიციტი საწოლფონდთან მიმართებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, უკვე ორი წელია ჩვენი ექიმები გმირულად ებრძვიან პანდემიას და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის მოძიებადი, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება და მით უმეტეს ამ გადატვირთვის პერიოდში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექიმების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში გააქტიურდეს 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის იმუნიზაცია.
„პანდემიის სამართავად გვაქვს რამდენიმე მთავარი ინსტრუმენტი: ეს არის გარკვეულწილად შეზღუდვები, ოღონდ ამაში არ ვგულისხმობ მკაცრ „ლოკდაუნებს,“ აქ არის წესები დადგენილი, რომელიც მნიშვნელოვანია დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ და მისი აღსრულების ხარისხი მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და აცრები, რომელიც ასევე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ იმის ანალიზს, რა განსხვავებაა საქართველოს მართვის ტიპსა და სხვა ქვეყნების მართვის ტიპს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ლეტალობა, თუნდაც ინფექციის გავრცელება, დამოკიდებულია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია აიცრას 60 წლის ზევით მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა. სხვა ქვეყნების მაგალითზე ეს არის 90%-დან 98%-მდე, ხოლო საქართველოში არის მნიშვნელოვნად დაბალი - დაახლოებით 30%-მდე, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რეანიმაციაში, რაც აისახება ჩვენი მოქალაქეების ლეტალობის მაჩვენებელზე, რაც არის სამწუხარო. ახალი ინიციატივის თანახმად, რაც გულისხმობს ჩვენი პენსიონერი მოქალაქეების ფინანსურ წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთო პროცესში, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ლეტალობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებაზე. ის ქვეყნები, სადაც არის მხოლოდ 50%-მდე აცრილები, ისეთივე გამოწვევის წინაშე დგანან, როგორიც საქართველოა. ამიტომ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს 70-75% მოქალაქეების აცრა, სადაც მაქსიმალური წილი უკავია 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს“, - აღნიშნა მინისტრმა.