საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი 28 ივლისს გაეწერა კლინიკიდან. რაც შეეხება ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიისას დანარჩენ დაშავებულებს, ისინი კვლავ რჩებიან კლინიკაში.
რაგბის კავშირი ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე და გიორგი ლომინაძე რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში.
ორივე პაციენტს, გულ-მკერდის ძლიერი ტრავმების გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად პრევენციისა, განუვითარდათ პნევმონია (ფილტვების ანთება). უტარდებათ სათანადო თერაპია. ანანო ბუაძეს თბილისიდან ჩასულმა ოფთალმოლოგმა ჩაუტარა კვლევები. ყბა-სახის ძვლების მოტეხილობების გამო დაზიანებული მარჯვენა თვალი შენარჩუნდება და დაიგეგმა მკურნალობის სტრატეგია. იგი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე.
გიორგი ლომინაძის ზოგადი მდგომარეობა ხასიათდება დადებითი დინამიკით. უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მისი მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა და ინფექციის კუპირების შემდეგ დაიგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაციები ქვემო კიდურებზე.
ნუცა გუნცაძესთანაც (გიორგი ლომინაძის მეუღლე) იგეგმებოდა მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა, მაგრამ შეღვიძებისას განვითარებული კონვულსიების (კრუნჩხვა) გამო ვერ მოხერხდა. მიმდინარეობს სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა. აღნიშნული პათოლოგიის შესაბამისი მედიკამენტოზური დოზირებით დასტაბილურების შემდგომ განხორციელდება პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა. ეტაპობრივი შეღვიძებებისას გამოხატავს რეაქციას ექიმის ბრძანებაზე. რჩება მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყიფილებაში.
როგორც ადრე გაცნობეთ, მერაბ კვირიკაშვილი 28 ივლისს გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა რჩება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ", - აცხადებენ რაგბის კავშირში.
შეგახსენებთ, რომ ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მოხდა. მას სამი ადამიანი ემსხვერპლა.