logo_geo
eng_logo
საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, EU4Culture 3 ქალაქს გრანტს გადასცემს
- +

30 ნოემბერი. 2021. 13:09

 

თბილისში, EU4culture, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, პრესკონფერენციასა და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

 

კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან 3 ქალაქი შეირჩა: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

 

შერჩეული ქალაქები მიიღებენ მაქსიმუმ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6-თვიანი პერიოდი 1 დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300 000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

 

ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EUculture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

 

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

 

ცერემონია 1 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაგეგმილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner