დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას განსაკუთრებით არსებული პანდემიის პირობებში.
„ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. უკვე ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.