logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა 20 ათასით მეტი ადამიანი
- +

30 ნოემბერი. 2021. 14:04

 

„საქართველოში ბოლო რვა თვეა (2021 წლის მარტიდან), ეკონომიკის დინამიკას მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიტიური ტრენდი აქვს. ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 6.9%, ხოლო იანვარ-ოქტომბერში, შესაბამისად, 10.5% შეადგინა. ქვეყნის მშპ-ის ამჟამინდელი მოცულობა საგრძნობლად აღემატება აგრეთვე პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც: 2021 წლის ოქტომბრის მშპ 2019 წლის ოქტომბრის მშპ-ს - 2.7%-ით, ხოლო 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - 4.9%-ით“, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერში.

 

სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეკონომიკის ექსპერტი წერს, რომ ეკონომიკური ზრდის, ისევე როგორც მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი.

 

„აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია დიდწილად განპირობებულია ხელისუფლების თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით და ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციით,“ - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

 

ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია ბიზნეს-სექტორის განვითარებით. - ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2020 წლის ოქტომბერთან 25.6%-ით, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან - 23.6%-ით გაიზარდა და 9.7 მლრდ ლარი შეადგინა. ოქტომბერში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4236 ერთეულს მიაღწია, რაც 4.7 პროცენტით აღემატება 2020 წლის ოქტომბრის თვის მონაცემს (4046 ერთეული) და მეტია 2019 წლის ოქტომბრის (4232 ერთეული) მაჩვენებელთან შედარებითაც 2021 წლის ოქტომბერში რეალურ ზრდას ჰქონდა ადგილი ეკონომიკურ საქმიანობათა იმ სახეობებში, სადაც იქმნება ქვეყნის მშპ-ის 4/5 (გარდა სოფლის მეურნეობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობისა და განათლების დარგებისა).

 

იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტრენდს აძლიერებდა საგარეო სავაჭრო ექსპანსია, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში ახალ წარმატებებს მიაღწია: ექსპორტი წინა წლის ოქტომბრის ექსპორტთან შედარებით 31.4%-ით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 34.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ადგილობრივმა ექსპორტმა ერთი თვის მიხედვით პირველად გადალახა 300-მილიონიანი მიჯნა და რეკორდულად მაღალ - 318.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

 

მისი თქმით, ჩამოყალიბდა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორების ზრდის უაღრესად პოზიტიური თანაფარდობა, თავისებური „პარადი“: მშპ-ის ზრდას უსწრებს სამეწარმეო სექტორის ბრუნვა, ამ უკანასკნელს - ექსპორტის ზრდა, ხოლო ექსპორტის ზრდას - ადგილობრივი ექსპორტის ზრდა.

 

აღნიშნული თანაფარდობის ფორმირებაში თავისი მზარდი წილი შეაქვს ტურიზმის სექტორსაც, რომლის მოცულობამ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერაც საკმაოდ მასშტაბურია, მაინც აფიქსირებს საგრძნობ ზრდას და ორი წლის წინანდელი (პანდემიამდელი) დონის უკვე ნახევარზე მეტია (53.3%).

 

იოსებ არჩვაძის ინფორმაციითვე, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გატარებულმა ხელისუფლების სტრატეგიამ, ანტიკრიზისული ღონისძიებების თანმიმდევრულმა გატარებამ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებმა უზრუნველყვეს თვალსაჩინო მაკროეკონომიკური შედეგების მიღწევა, მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის მზარდი ექსპანსია და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის და, შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო მზარდი ნაწილის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება.

 

„ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ პოტენციალს შეიცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სულ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის განვითარების, დასაქმების, ცალკეული სახის საქმიანობებისა და საქონლის ფასების რეგულირების საკითხებზე გაჟღერებული ინიციატივების რეალიზაცია. დიდწილად სწორედ აღნიშნული ინიციატივების რეალიზაციის ხარჯზე საქართველოს მშპ 2022 წელს მიაღწევს 58.0 მლრდ ლარს, ხოლო 2023 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 65 მლრდ ლარს“. - წერს იოსებ არჩვაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner