- 2014 წლის აგვისტოდან, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელად მუშაობდით. რატომ დასთანხმდით სამგორის გამგებლის პოზიციას, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?
- ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ბევრ სხვადასხვა მიმართულებაში სიღრმისეულად ჩახედვა, ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ მათზე მონიტორინგის გაძლიერება და იმ დიდი პრობლემების მოგვარება, რომლებიც რაიონს აწუხებს. ასევე, ამ პრობლემებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა. გვინდა, რომ მაქსიმალურად დავანახოთ მოსახლეობას ის პროექტები, რომლებიც საჭიროა ამ რაიონისთვის, რათა მომავალ წელს გავითვალისწინოთ, რაც დღემდე არ გაკეთებულა. ეს პროექტები ჩემი ორთვიანი მოღვაწეობის შედეგია.
- რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ სამგორში, თქვენი გამგებლობის პერიოდში, რა გინდათ ამ რაიონში შეცვალოთ?
- რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემები, საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-შეცვლა, რომელიც 2016 წელს გაკეთდა სხვადასხვა მისამართზე. ასევე, რა თქმა უნდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვაქვს როგორც შიდა, ასევე გარე ქუჩების პროექტები. ვგეგმავთ, რომ სამ მუნიციპალიტეტში დიდი სანიაღვრე პროექტი დავიწყოთ, გვინდა, საკანალიზაციო და წყლის პრობლემები მოვაგვაროთ. არის ძალიან ბევრი მისამართები, რომლებზეც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" ერთად უკვე შევასრულეთ სამუშაოები და წელს კიდევ გვაქვს დაახლოებით ათამდე მისამართი, რომელსაც ამ კომპანიასთან ერთად შევასრულებთ.
- რითია გამორჩეული სამგორის რაიონი, რით განსხვავდება თბილისის სვა უბნებისგან?
- სამგორის რაიონი სხვა რაიონებთან შედარებით ყველაზე დიდია ფართობით, მოცულობით. მოსახლობის რაოდენობის მხრივ, გლდანის შემდეგ, ყველაზე მრავალრიცხოვნად ითვლება. ასევე, ამ რაიონში არის დიდი განაშენიანება, იმიტომ რომ, სოფლებია შემოერთებული და სამგორის რაიონი ბევრ სოფელსაც ფარავს. ამ რაიონის სიდიდეს უკავშირდება ისიც, რომ რაიონში 11 უფასო სასადილო გვაქვს, რომელიც 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, 5039 ბენეფიციარს ემსახურება. ივლისის თვის მდგომარეობით მათი ღირებულება 9009 ათასი ლარია და ეს პროგრამა წლის ბოლომდეა გაწერილი. რა თქმა უნდა, იმის თანხები არსებობს, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2012 ბენეფიციარს ვუხდით ბინის ქირას, რომლის თანხაც 345 ათას ლარს შეადგენს.
- რა შეცვალეთ იმ ორი თვის განმავლობაში, რაც სამგორის გამგებელი ხართ?
- 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, დავეხმარეთ სხვადასხვა პრობლემების მქონე 5568 ადამიანს, ეს არის მედიკამენტების დაფინანსება. სამედიცინო მომსახურება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება, კომუნალური დავალიანების დაფარვა, ბავშვთა კვება, სამშენებლო მასალები და ა.შ. დამხმარე საშუალებები, რაც საჭირო იყო და რისი დაფინანსებაც შეგვეძლო, დავეხმარეთ. ეს ყველაფერი მილიონ 166 ათასზე მეტია დღევანდელი დღის მდგომარეობით. ჩვენ ასევე გვაქვს სპეციალური პროგრამა - ბინათმესაკუთრეობისა და ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობისთვის. ივლისის მდგომარეობით, 247 პროექტია განხორციელებული და 2 მილიონ ლარზე მეტია უკვე დახარჯული, რასაც ამხანაგობებთან ერთად, თანადაფინანსებით ვაკეთებთ. ეს არის სახურავების შეკეთება, ლიფტების შეკეთება, სართულს შორის ნაპრალების რეაბილიტაცია, შიდა წყალკანალიზაციის შეკეთება, სახურავის წყალსადენი მილების შეკეთება, სადარბაზოს შიდა რემონტი, სადარბაზოს კარების მონტაჟი, სადარბაზოს სენსორული განათების მონტაჟი, შესასვლელების გადახურვა სადარბაზოებში, მიმდებარე ტერიტორიების გამიჯვნა. სადარბაზოს კიბეების აღდგენა და კაპიტალური გამაგრების პროექტები, რომლებსაც ასევე თანადაფინანსებით ვახორციელებთ.
- რა არის თქვენი მთავარი გამოწვევები?
- გამოწვევა, რომ გითხრათ ერთი და ორი, არაა. იმდენად დიდია რაიონი.
- ამ მთელი რიგი პრობლემებიდან, რაც რაიონს აწუხებს, ყველაზე მეტად რომელი იკვეთება?
- ვერ გეტყვით, რომ რომელიმე ერთი იკვეთება ყველაზე ძალიან. იმიტომ, რომ არის პრობლემები, რომლებიც ძალიან აქტიურია. მე ვერ გეტყვით, რომ სანიაღვრე და საკანალიზაციო პრობლემებზე მეტად იკვეთება გამაგრებითი სამუშაოები, ან მათზე უფრო მეტად იკვეთება სკვერებსა და სტადიონებზე მოთხოვნა, ან მათზე უფრო მეტად ან ნაკლებად შიდა გზების სამუშაოები, ან გზების რეაბილიტაცია. მოთხოვნა ყველანაირი არსებობს. სტანდარტულად და პროცენტულად რომ შევადაროთ, არც ერთი არ იქნება მეტ-ნაკლები, შეიძლება ძალიან მცირე პროცენტით იყოს ერთი მეორეზე უფრო წინ. იმდენად მოთხოვნადია ეს ყველაფერი რაიონში. განსაკუთრებულად ერთი რომ იყოს პრიორიტეტი და ერთზე იყოს პრობლემა, არ არსებობს. გეტყვით, რომ მე ყოველდღიურად მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, ყოველდღე დაახლოებით ოთხ-ხუთ მისამართზე გავდივართ და ვხვდებით მოსახლეობას, ყველა შეხვედრისას ვაკეთებთ ჩანაწერს, სად რა საჭიროებაა და ვერ გეტყვით, ხუთი შეხვედრიდან რომელიმე უფრო უმნიშვნელო იყოს. მათთვის ყველა მნიშვნელოვანია.
- მომავალი წლიდან გაიზრდება თუ არა სამგორის რაიონის ბიუჯეტი?
- 2016 წლის შესრულებული გეგმებით, მეორე კვარტლის ციფრების მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ორი კვარტლის 100 %-იანი შესრულება გვაქვს და ასევე ვგეგმავთ, 100 %-იანი შესრულება გვქონდეს წლის ბოლომდე. 2017 წელს ჩვენ რამდენიმე დიდი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ იმის იმედით, რომ 2017 წლის ბიუჯეტი, 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილი იქნება.
ლელა მდივანი