საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის პოზიცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციაა.
მისი თქმით, თამაშდამოკიდებული ადამიანების პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვის, მედიაზე ზეგავლენასთან დაკავშირება აბსურდია.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ამ ნაბიჯით ათიათასობით ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს, სტიმულს მისცემს თამაშის ნაცვლად სასარგებლო საქმით დაკავდნენ, მიიღონ განათლება და ა.შ.
„სრული აბსურდია, რა შუაშია პრემიერის ინიციატივა მედიაზე კონტროლთან, ამ ორი საკითხის დაკავშირება არის სრული აბსურდი.
ამ ინიციატივის აზრი არის ის, რომ მეტი ფული დარჩეს ქართულ ეკონომიკაში და არ ხდებოდეს მისი ქვეყნიდან გადინება. მილიარდ ნახევარი გადის ყოველწლიურად დაახლოებით გარეთ. ონლაინკაზინოების მფლობელები მეტწილად არიან საქართველოს არარეზიდენტი პირების ერთი, მეორე ათიათასობით ადამიანის პრობლემას წარმოადგენს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.
ძირითადად ახალგაზრდები არიან ამაში ჩართული. მერე მიდის ვალების აღება, სხვადასხვა პრობლემებში ეხვევიან. ჩვენ გვინდა, რომ მათ შევუქმნათ დასაქმების შესაძლებლობები, მეტი სტიმული მივცეთ განათლებისკენ და არ იყვნენ თამაშზე დამოკიდებული, რაც იწვევს იმედგაცრუებას და სხვადასხვა სოციალურ ფაქტორებს.
ეს ხალხი გვინდა დავიცვათ, დანარჩენი, რასაც ოპოზიცია ეწევა, მთლიანად პოლიტიკური სპეკულაციაა“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.