ინტერნეტ მმართველობის მეშვიდე ფორუმზე - GeoIGF 2021, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსა და ფორუმს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტერნეტ მმართველობის დიალოგში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, როგორც ინტერნეტის სფეროში კანონშემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის, ჩართულობას. ამ მიზნით მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ინტერნეტის სფეროში საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობის და ღიაობის უზრუნველსაყოფად.
ფორუმზე, რომლის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia) ორი დღის განმავლობაში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება 10 თემატური სესია, საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალი შესაძლებლობების შესახებ.
ინტერნეტ მმართველობის ფორუმსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მხარდამჭერია ევროპის საბჭო პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).