logo_geo
eng_logo
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ
- +

30 ნოემბერი. 2021. 20:30

 

 

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  შეხვედრისას აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

 

მათივე ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

 

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.

 

პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner