logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭო: ციხეებში საგრძნობლად შემცირებულია სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის მაჩვენებლები
- +

31 ივლისი. 2016. 22:55


 

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ციხეებში საგრძნობლად შემცირებულია სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის მაჩვენებლები", - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს ექსპერტების ავტორობით მომზადებულ პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების 2014-17 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შუალედურ შეფასებაში.


როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისას ძირითადი მიღწევები არის მკვეთრად შემცირებული პატიმართა რაოდენობა და საპატიმრო დაწესებულებების დატვირთვის მაჩვენებელი, ასევე მკვეთრად გაზრდილია ჯანდაცვაზე გამოყოფილი რესურსი პენიტენციურ სისტემაში და ის ორჯერ აღემატება ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებს სამოქალაქო სექტორში. შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ პენიტენციურ სისტემაში გაზრდილია სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, ასევე პატიმრებს ხელი მიუწვდებათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე, როგორიცაა საკმარისი ფართის არსებობა საკანში, სისუფთავე და სასეირნო სივრცეები.


ევროპის საბჭოს ექსპერტების შეფასებით, ასევე წარმატებულად მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობის ღონისძიებები პენიტენციური დაწესებულებებში. რაც შეეხება რეკომედაციებს, რომელიც შუალედურ შეფასებაშია ასახული, ის ძირითადად თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ასევე პატიმრების უფლებების დაცვას ეხება. შუალედური შეფასების თანახმად, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პერმანენტულად უნდა ხორციელდებოდეს პენიტენციურ სისტემაში არსებულ სამედიცინო დაწერსებულებების შემოწმება. უნდა გააქტიურდეს ტრენინგი ძალადობის პრევენციის კუთხით სამედიცინო პერსონალისთვის და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფოტოგადაღების ხელმისაწვდომობა ძალადობის ვირტუალური ნიშნების დოკუმენტირებისთვის.


ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე ეხება ციხის თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებას ერთიანი პირობებით სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისთვის. რეკომენდაციის თანახმად, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისთვის უნდა შემუშავდეს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მექანიზმები.


ექსპერტები ასევე რეკომენდაციით მიმართავენ პენიტენციურ დაწესებულებებს, რომ სრულად იყოს დაცული სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობა და არასამედიცინო პროფილის თანამშრომლები არ ესწრებოდნენ სამედიცინო გასინჯვებსა და კონსულტაციებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სამედიცინო პერსონალი ამას ითხოვს საკუთარი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.


ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება ზიანის შემცირების დამატებით ღონისძიებებს წამალდამოკიდებული პირებისთვის. რეკომედაციის თანახმად, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი სკრინინგული გამოკვლევები აივ ინფექციაზე, ჰეპატიტსა და სიფილისზე.


პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სასჯელაღსარულებისა და პრობაციის სამინისტრომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭდირო თანამშროლობითა და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" მხარდაჭერით, შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014-17 წლებისთვის. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროები განისაზღვრა და ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, რომლებშიც ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა.


აღნიშნულ დოკუმენტებში 16 სტრატეგიული მიზანი გამოიკვეთა, რომლებიც შემდეგ სფეროებს მოიცავს: სამედიცინო მომსახურებების დივერსიფიკაცია, გადამდებ დაავადებათა პრევენცია, ჯანდაცვის გაუმჯობესება, სუიციდის პრევენცია, ადამიანური რესურსებისა და ხარისხის უზრუნველყოფის განვითარება. 2015 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს შუალედური შეფასება, რათა შეემოწმებინათ რა პროგრესს მიაღწია საქართველოს ხელისუფლებამ წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებისა და დასახული ამოცანების შესრულების გზაზე. შეფასების პროცესში ჩატარდა როგორც კვლევა, ასევე გაიმართა შეხვედრები სასჯელაღსრულების სამინიტროს, ომბუდსმენის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე სასჯელაღსრულების 9 დაწესებულებაში განხორციელდა ადგილზე შეფასება.


2014-17 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ანგარიშის პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ზეცი და სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა დაესწრნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner