“ჩვენ მოვისმინეთ უტიფარი, მაგრამ თავგზააბნეული ყოფილი დიქტატორის აღსარება”, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს სასამართლო პროცესზე.
დავით მათიკაშვილის თქმით, ჩადენილ დანაშაულებს სააკაშვილი ამართლებს გადაცდომებით და მტკიცებულებებს დასცინის.
„საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ყოფილი დიქტატორები არ არსებობენ, უბრალოდ არ არსებობს სამყაროში. ჩვენ მოვისმინეთ უტიფარი, მაგრამ თავგზააბნეული ყოფილი დიქტატორის აღსარება, რომლის უკანაც ჩადენილი დანაშაულების უზარმაზარი კასკადი გამართლებულია ერთი მხრივ მართვის პროცესის მიმდინარეობით და მეორე გადაცდომებით.
ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა - ვალერი გელაშვილის საქმეზე, მე და თქვენც რომ გავჩუმდეთ და ხმა არ ამოვიღოთ, ქვები დაიწყებენ ღაღადს ამ საქმეზე. ის ამას არაფრად თვლის, დასცინის მტკიცებულებებს და ამბობს, რომ ეს თემა საერთოდ რა წამოსაწევიაო. ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დასცინის, ამბობს, რომ გირგვლიანის საქმე არის „პიარით“ შეთითხნილი ამბავი. პირდაპირ სააკაშვილს დაადო სტრასბურგის სასამართლომ თითი", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, სასამართლო სხდომაზე მისვლა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად სჭირდებოდა.
„სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დასჭირდა მის ჯანმრთელობას. როდესაც კადრები გადის და მოშიმშილე სააკაშვილი გემრიელად ილუკმება ხილ-ფაფებით, ამის ფონზე მე და თქვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, სააკაშვილი სად გადავიყვანოთ და სად - არა. ექიმები როგორც იტყოდნენ და როცა გახდა ამის საჭიროება, ეს ყველაფერი მოხდა.
ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ონლაინ-ჩართვა, მითუმეტეს დღეს კოვიდ-პანდემიის პირობებში, აბსოლუტურად ჯდება სასამართლოში გამოცხადების და რეალიზების ჭრილში, მაგრამ სააკაშვილს რისთვის სჭირდებოდა იქ მისვლა - საკუთარი უფლების დასაცავად, რომ არ სჭირდებოდა და იმისთვის სჭირდებოდა, რომ პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვუზღუდავთ. მას შეეძლო ჩართულიყო ონლაინ და ის ელაპარაკა, რაც ილაპარაკა სასამართლო დარბაზიდან. გაკაპასებული ბავშვის მდგომარეობაში თუა, მაინცდამაინც იმ ოთახში უნდა რაღაცის მირთმევა და სხვა ოთახში იგივეს არ მიირთმევს, ეს სხვა ამბავია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.