logo_geo
eng_logo
რუსთავს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება
- +

1 დეკემბერი. 2021. 10:55

 

 

რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში და მე-19-ე და მე-18-ე მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სკვერების მოწყობის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

 

,,მე-19-ე და მე-18-ე მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, აქ მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. იქნება ძალიან ლამაზი ადგილი თითოეული რუსთაველისთვის. განახლდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ეს სკვერი არის კარგი მაგალითი, იმისა თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შესრულდეს ის, რაზეც ჩვენ მოსახლეობასთან ვსაუბრობდით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 

რუსთავის მერის მოადგილის ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, გასულ წლებში ქალაქში არსებულ დიდ რეკრეაციულ სივრცეებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დღეისათვის კი ორ უბანში მიმდინარეობს ახალი სკვერების მშენებლობის პროცესი.

 

,,მე-19-ე და მე-18-ე მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი, დასასვენებელი სივრცეები და რაც მთავარია დაირგვება 350-მდე ხე-მცენარე. მწვანე ნარგავები შეცვლის, გაალამაზებს და გაამწვანებს გარემოს, ასევე ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

 

მე-19-ე და მე-18-ე მიკრო რაიონების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის პროექტის ღირებულება - 1 224 439 ლარია, 1 023 753 ცენტრალური ბიუჯეტიდან, 200 686 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო..

 

მე-8 მ/რ #12-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება - 1 124 439 ლარია. პროექტი 231 303 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 893 136 ლარით კი ცენტრალური ბიუჯეტიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner