პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვას. პროკურატურის მტკიცებით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო.
ამასთან, პროკურატურა მორიგ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს.
პროკურატურამ უკვე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე.
გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
“დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.