logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 12:54

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

EBRD-თან ერთად, ბათუმში იგეგმება ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ეკოლოგიური პროექტების სრულყოფა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება.

 

2018 წელს ბათუმი შეუერთდა EBRD-ს მწვანე ქალაქების პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება. აჭარაში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. EBRD-ს ხელშეწყობით განხორციელდა ასევე ბათუმის ახალი ავტობუსების პროექტი და ქობულეთის წყლის პროექტი.

 

შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. 1992 წელს ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა 4,2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 266 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში განახორციელა, ამ ინვესტიციების 87% კი - კერძო სექტორში.

 

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან. ჩვენ ვისაუბრეთ „ბათუმი - მწვანე ქალაქის“ პროექტის მიღწევებსა და სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც ქალაქში ვახორციელებთ. სწორედ ბათუმი არის ერთ-ერთ პირველი და საუკეთესო ქალაქი, სადაც ამ პროექტს ვახორციელებთ. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და ინვესტიციებზე, რაც ბათუმს გახდის უფრო მიმზიდველს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - აღნიშნა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner