საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.
ღონისძიება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა გახსნეს. NATO-სა და პარტნიორების ურთიერთობის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის თანათავმჯდომარე კატერინა პისარსკა და აშშ-ს უილსონის ცენტრის ევროპული პროგრამების დირექტორი დენ ჰამილტონი.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში, ისაუბრა საქართველოს გაზრდილ როლზე NATO-ს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევაში და ამ მხრივ ალიანსთან წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა NATO-ს სამომავლო სტრატეგიაში ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე პოზიციის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა ამ პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა. სესიის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე NATO-ს მხრიდან საქართველოს და პარტნიორი სახელმწიფოების ქმედითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას ალიანსში გაწევრიანების მიზნისთვის, განსაკუთრებით ამ ქვეყნების მიმართ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მტკიცე არჩევანი ალიანსში გაწევრიანების შესახებ და მზადყოფნა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით. საჯარო დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ესტონეთისა და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, კრისტი კალიურანდი და ვალდის ზატლერსი.