logo_geo
eng_logo
ფონდმა „იავნანამ“ 5,5 მილიონი ლარი, გაურკვეველია, რაში დახარჯა
- +

31 ივლისი. 2016. 23:39



საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან" დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც „პრაიმტაიმმა" ოფიციალური არხებით მიიღო, ბუნდოვანი და გაუგებარია. ეს ის ციფრებია, რომელსაც შემოსავლების სამსახურს თავად ფონდი აწვდის.


ფონდის ეგიდით არა მხოლოდ საქველმოქმედო, არამედ კომერციული  ოპერაციებიც ხორციელდება. თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, კომერციიდან მიღებულ ფინანსებს ქველმოქმედებასთან საერთო არაფერი აქვს.


„პრაიმტაიმმა" როგორც ფონდი „იავნანასგან", ისე შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ფინანსურ ოპერაციებს დღიდან მისი დაარსებიდან (ფონდი 2004 წელს დაარსდა). ჩვენ გვაინტერესებდა ფონდის შემოსავლები და ხარჯები.


მონაცემები ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეო ჯორბენაძემაც  მოგვაწოდა, თუმცა „პრაიმტაიმმა" მიიღო არა ჟურნალი, სადაც ასახულია ის ფინანსური ოპერაციები, რომელსაც „იავნანა" წლიდან წლამდე ახორციელებს, არამედ რვაგვერდიანი სარეკლამო ხასიათის მასალა, სადაც არ არის არანაირი ცხრილი ფინანსური ოპერაციების (შემოსავლები-გასავლები) შესახებ. მონაცემები კი მხოლოდ 2012-2015 წლებს მოიცავს.


კანონით, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. ყველასთვის, ვინც ქველმოქმედებას „იავნანას" მეშვეობით ახორციელებს და იმათთვისაც, ვინც მომავალში აპირებს, ჩაერთოს მარათონში იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ ან სიღატაკის ზღვართან მყოფ ადამიანებს დაეხმაროს.


„იავნანას" 2009-2010 წლების ფინანსურ ოპერაციებზე მსჯელობა რთულია, რადგანაც მონაცემები ზოგადია და არ არის დაკონკრეტებული.


კონკრეტულ ციფრებზე დაკვირვება მხოლოდ 2011 წლიდან ხდება შესაძლებელი. ჩვენ ეს დოკუმენტები ექსპერტებთან ერთად გავიარეთ, იმდენად, რამდენადაც ფონდის მიერ მოწოდებული მონაცემები ბუნდოვანი და რთულად გასაგები აღმოჩნდა.


დოკუმენტების მიხედვით, ფონდის ანგარიშებზე სამი მიმართულებით ხდება თანხების აკუმულირება. შემოსავლები სამი სხვადასხვა არხებით ივსება, ეს არის: შემოწირულობები, საქველმოქმედო ღონისძიებები და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.


აქედან პირველი ორი შემოწირულობები და საქველმოქმედო ღონისძიებებია. სწორედ ის ანგარიშები, რომლებიც ქველმოქმედებას ხმარდება. ეკონომიკური საქმიანობა ცალკეა და ამ ანგარიშებზე მოხვედრილი თანხები, დოკუმენტების მიხედვით, არ არის ქველმოქმედებას მიბმული.


ეს, რაც შეეხება შემოსავლებს. ციფრებში შემოსავლები ასე გამოიყურება:


2011-2015 წლებში შემოწირულობებმა 6 150 860 ლარი შეადგინა, საქველმოქმედო ღონისძიებებიდან მიღებულმა თანხებმა კი - 1 265 553 ლარი. სულ ქველმოქმედებისთვის შეგროვდა 7 416 413 ლარი. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ორ მილიონს გადააჭარბა და 2 079 981 ლარი შეადგინა.


შემოსავლების საერთო ჯამმა 2011-2015 წლებში 9 496 394 ლარი შეადგინა.


გადავიდეთ ხარჯვით ნაწილზე.


2011-2015 წლებში, დოკუმენტების მიხედვით, ხარჯები ორი მიმართულებით ხორციელდება. ეს არის:


საქველმოქმედო ხარჯები და აქ შედის: ბინების შეძენა; სტიპენდიები და დახმარებები; აგვისტოს ომში დაზარალებული ბავშვებისთვის გაწეული დახმარებები.


მეორე, არასაქველმოქმედო ხარჯები და აქ ფიქსირდება ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯები: ხელფასები, საწვავი, მანქანების რემონტი, მივლინებები, კომუნალური გადასახადები.


ცხრილებში შეგხვდებათ გრაფა „სხვა საქველმოქმედო ხარჯებიც", რომელიც არ იშიფრება. გაუშიფრავი ხარჯი შეადგენს 3 616 575 ლარს. დოკუმენტებში არ ჩანს, ვის ან რას მოხმარდა ეს თანხა.


ის, რაც იშიფრება, ციფრებში ასე გამოიყურება: ბინების შეძენა - 908 569 ლარი; სხვადასხვა დახმარებები და სტიპენდიები - 708 843 ლარი; აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დახმარება - 419 110 ლარი. სხვა (იგივე გაუშიფრავი გრაფა) - 3 616 575 ლარი. მთლიანი ხარჯი გახლავთ 5 653 097 ლარი. აქედან უშუალოდ ქველმოქმედებაზე დაიხარჯა 908 569 + 708 843 + 419 110 = 2 036 522 ლარი.


სხვა საქველმოქმედო ხარჯი, რომელიც 3 616 575 ლარს შეადგენს, როგორ დახარჯა ფონდმა, ძნელი სათქმელია. „იავნანას" ხელმძღვანელობას ის დოკუმენტებში გაშიფრული არ აქვს.


ახლა რაც შეეხება არასაქველმოქმედო ხარჯებს, წლები იგივეა - 2011-2015 წლები.


ხელფასებში დაიხარჯა 1 756 281 ლარი; კომუნიკაციებში - 139 409 ლარი; მივლინებები და საკანცელარიო ხარჯები - 171 106 ლარი; საწვავი - 152,447 ლარი; მანქანის რემონტი - 35 488 ლარი; სხვა ხარჯები - 818 467 ლარი. სულ, ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 3 073 198 ლარი შეადგინა.


შევაჯამოთ: მიღებული დოკუმენტების მიხედვით, „იავნანამ" 2011-15 წლებში შემოწირულობებისა და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან 7 416 413 ლარი მიიღო. და ამ თანხის მხოლოდ 27% დაიხარჯა ქველმოქმედებაში, რაც 2 036 522 ლარია. ფონდმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძინა ბინები, სტუდენტებს დაუნიშნა სტიპენდიები, გასწია სხვადასხვა სახის დახმარებები, დაეხმარა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს.


რაც შეეხება დანარჩენ 73%-ს, ძნელი სათქმელია, როგორ და რაში დაიხარჯა ეს თანხები, დოკუმენტებში ამის შესახებ მითითებული არაფერია.


დოკუმენტების მიხედვით, 2011-215 წლებში ფონდმა ხელფასების სახით გასცა 1 756 281 ლარი, ქველმოქმედებისთვის კი ამავე პერიოდში დახარჯული აქვს 2 036 522 ლარი.


დაბოლოს, ამავე პერიოდში ფონდის საქველმოქმედო ანგარიშებიდან (და არა კომერციული საქმიანობიდან მიღებული თანხებიდან) 100 ათას ლარზე მეტი გამოიყო სატრანსპორტო საშუალების საყიდლად. ჩვენი ინფორმაციით, ეს თანხა დაიხარჯა „ტოიოტას" ცენტრიდან „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200"-ის შეძენაზე.


დოკუმენტების ექსპერტებთან ერთად შესწავლის შემდეგ ჩვენ აუდიტს,  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ ბაკაშვილს დავუკავშირდით. ის საქართველოში პირველი აუდიტი გახლდათ და ამ საქმიანობით  1995 წლიდან არის დაკავებული. საბუთები გავაცანით და შეფასება ვთხოვეთ. პირველ რიგში, გვაინტერესებდა, რამდენად მარტივად და გასაგებად არის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა წარმოებული:


- დადგენილი წესით, დეკლარაციები, ბალანსები და უწყებები კი არის წარდგენილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციას ვერ იძლევა, არ არის ჩაშლილად და გამჭვირვალედ წარმოდგენილი, როგორი მაღალი ხარისხის გამჭვირვალობითაც მოეთხოვებათ საქველმოქმედო ფონდებს. ვინაიდან აღნიშნული საქველმოქმედო ფონდი მაღალი გამჭვირვალობის სტატუსის მატარებელია, ამიტომ ეს ჩაშლილი სახით ინფორმაცია სხვა დამატებითი წყაროებიდან უფრო შესაძლებელია მივიღოთ. თუნდაც, იგივე ახსნა-განმარტებითი წერილებიდან, რაც აქ არის დართული.

 

- ჩვენ სწორედ ახსნა-განმარტებითი წერილებიდან მოვახერხეთ გარკვეული სურათის შექმნა... შედეგად მივიღეთ, რომ საქველმოქმედო ანგარიშებზე დარიცხული თანხის მხოლოდ 27% დაიხარჯა ქველმოქმედებაში, დანარჩენი თანხების - ეს კი 73%-ს შეადგენს - ხარჯვის მიზნობრიობას დოკუმენტებში ვერ მივაგენით.


- დიახ, დოკუმენტებში არის გრაფა „სხვა ხარჯები", რომელიც გაშიფრული არ არის და ეს საკმაოდ დიდი თანხებია. 5 600 000-ზე მეტია და აქედან სამ მილიონზე მეტი წარმოდგენილია „სხვა ხარჯებად", ეს საკმაოდ მაღალი ხვედრითი წილია.


- გაუშიფრავი თანხები, 73%,  ჩვენში კითხვებს ბადებს. ფიქრობთ, რომ ეს ლეგიტიმური კითხვებია?


- კითხვები უდავოდ ლეგიტიმურია. გამომდინარე იქიდან, რომ საქველმოქმედო ფონდებს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი მოეთხოვებათ. ფონდი ვალდებულია, თითოეული თეთრის მოძრაობა გამოაქვეყნოს იმის საჩვენებლად, რა გაკეთდა მიზნის მისაღწევად. ფონდი გარკვეული საწესდებო მიზნებით იქმნება და რამდენად შეესაბამება დანახარჯების თითოეული თეთრი ამ საწესდებო მიზნებს, აუცილებლად გაშლილი და ცალსახად გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, გაუგებარია „სხვა ხარჯებში" რა შეიძლება მოიაზრებოდეს.

 

- რამდენად სწორია, რომ კომერციული და საქველმოქმედო ანგარიშები ერთადაა თავმოყრილი, მით უფრო, რომ ეს თანხები ქველმოქმედებაში არ მონაწილეობს...


- ეკონომიკური საქმიანობიდან  მიღებული თანხებიც ქველმოქმედებისთვის უნდა იყოს დახარჯული. ეს არის საქველმოქმედო ფონდის არსი. მას არც აქვს უფლება, მოგება სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს, გარდა ქველმოქმედებისა.

 

- დოკუმენტებზე მუშაობისას იყო ინფორმაცია, რომელიც ცხრილებში იყო მოცემული და ციფრები, რომლებსაც ახსნა-განმარტებით წერილებში მივაგენით... ტექსტების ციფრებიდან უფრო ვიხელმძღვანელეთ.


- სხვათა შორის, ამ ბალანსებსა და დეკლარაციებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურშია წარდგენილი, და მათივე მომზადებულ ახსნა-განმარტებით ბარათებში მოცემულ ციფრებს შორის არის აცდენა, ზოგიერთი ციფრი ერთმანეთს არ ემთხვევა. არის ცდომილებები როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვით ნაწილში.

 

- თქვენ დოკუმენტებს გადახედეთ, თუ ნახეთ რამე ისეთი, რომელიც პროფესიონალისთვის თვალშისაცემია?


- რამდენიმე დასკვნა გაკეთებულია ერთი და იმავე აუდიტის მიერ. დასკვნაში არაფერია ნათქვამი, რამდენად შესაბამისობაშია თანხების მოძრაობა ფონდის მიზნებთან. საქველმოქმედო ფონდია და მას მკაცრად განსაზღვრული მიზნები აქვს. რამდენად სწორადაა დახარჯული თანხები ფონდის მიზნების განსახორციელებლად, ეს არც ერთ დასკვნაში არ არის მითითებული.


ასევე, დაუშვებელია, საქველმოქმედო ფონდმა მხოლოდ 27% დახარჯოს ქველმოქმედებაზე. ეს შემოწირულობების თანხმებია და შესაბამისად მისი ლომის წილი უნდა იხარჯებოდეს სწორედ საქველმოქმედო მიზნებზე ან აუცილებელია  მოხდეს დანარჩენი 73%-ის დეტალური ანგარიშგება, თუ რაში დაიხარჯა ხალხის თანხები.

 

- რამდენად ვალდებულია ფონდი, წარმოგვიდგინოს მოთხოვნის საფუძველზე მისი საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია?


- ისევ და ისევ, ფონდის სტატუსიდან გამომდინარე, აქაც მაღალი სტანდარტის გამჭვირვალობა ფონდს ავალდებულებს, აუცილებლად წარმოგიდგინოთ ეს ინფორმაცია.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner