logo_geo
eng_logo
ზვიად შალამბერიძე: იმერეთში ბევრი ობიექტია, სადაც უნდა გაკონტროლდეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენება
- +

1 დეკემბერი. 2021. 17:40

 

„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო დღეიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს კოვიდპასპორტების გამოყენებას. იმერეთში ბევრია ისეთი ობიექტი, სადაც უნდა გაკონტროლდეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენება. ჩვენ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი, როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნეს სუბიექტებს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია დღეიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

 

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სისტემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთანაც.

right_banner right_banner
არქივი
right_banner