logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება
- +

1 დეკემბერი. 2021. 19:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.

 

ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი სამიტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად თემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის იქნება მორიგი შესაძლებლობა საერთო ღირებულებების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირებისთვის.

 

„გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე, რომელიც თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის განმტკიცებას ისახავს მიზნად მიმდინარე გლობალური გამოწვევების პირობებში.

2019 წელს აღვნიშნეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილე. მას შემდეგ განვიცადეთ ახალი კორონავირუსის პანდემია, რომელიც გრძელვადიანი ეფექტის მოხდენის რისკის წინაშე ამყოფებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობასა და ეკონომიკას. პანდემიამ არც იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ გასულ წელს შევხვედრილიყავით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტი ჩვენი საერთო ფასეულობების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირების დროულ შესაძლებლობას იძლევა, თან შეგვეძლება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვის შემუშავება მაშინ, როდესაც აუცილებელი რეფორმების გზაზე დაწინაურებას ვცდილობთ, გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე ვრეაგირებთ და წინ მიგვყავს ჩვენი პარტნიორობა.

ახლადშემოთავაზებული დღის წესრიგი, სახელწოდებით „რეფორმები, აღდგენა და გამძლეობა“ გამყარებულია ამბიციური, რეგიონალური, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით. ეს გახლავთ შორსმიმავალი გზამკვლევი მდგრადი, პოსტ-პანდემიური აღდგენის ხელშესაწყობად, რაც გამძლეობის უნარის გამომუშავებასა და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ამ საკითხების განსახილველად გთავაზობთ შეხვედრას ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერთა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურთა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების დონეზე.

მოუთმენლად ველით თქვენს მიღებას ბრიუსელში და ჩვენს მნიშვნელოვან დისკუსიებს“, -  აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner