logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: იმ ათი წუთის განმავლობაში მეგონა, მოვკვდებოდი
- +

31 ივლისი. 2016. 23:58

 

 

ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუ თბილისის ზღვის სანაპიროზე, „იახტ კლუბის" ულამაზეს ვერანდაზე - „ლაკოტი" - ჩავწერეთ. როგორც აღმოჩნდა, ეს ის ადგილია, სადაც ინგა დასვენების დღეებს სიამოვნებით ატარებს.


- ეს ადგილი ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე და მინდა გითხრათ, რომ ერთადერთია, რომელსაც ჩემი დასვენების დღეებისთვის ვიყენებ. მომწონს გარემო, ინტერიერი, ყველაფერი მომწონს, თან თბილისში ხარ, თან მუშაობ და თან ისვენებ. სიგიჟემდე მიყვარს მზე, დიდ ენერგიას მაძლევს. ეს ის ადგილია, სადაც ჩემისთანა დაღლილი ადამიანები მზის ენერგიას უნდა იღებდნენ.


- როგორც ვხვდები, ზაფხული შენი სეზონია...

 

- მზე და ზღვა არის ის ენერგია, რომელსაც მერე მთელ წელიწადზე ვანაწილებ.


- ე.ი. აქ შეიძლება საცურაოკოსტიუმიანი ინგა გრიგოლიას ნახვა?

 

- კი, ასეა ნამდვილად.


- ვეჭვობ, ხვალიდან პაპარაცებით გაივსება „ლაკოტის" სანაპირო...

 

- ცუდად დაუმთავრდებათ. ჩასაფრებული პაპარაცები, ფარული კადრები, ისეთი მტკივნეული თემაა ჩემთვის, მზად ვარ, მაგის გამო ვიღაცას შევაკვდე. ცუდი რეაქცია მექნება ნამდვილად. ბოლო სკანდალი გავიხსენოთ, როცა შენთვის ხარ, შენს საძინებელში და აღმოჩნდება, რომ თურმე ვიღაც მანიაკი გიღებს, მეორე მანიაკი გემუქრება, რომ გამოგიქვეყნებს და მესამე ელოდება, როდის ნახავს. ეს ჩემთვის ყველაზე უპატიებელი დანაშაულია. დაფიცებული მაქვს, მაინც გავარკვევ ყველაფერს. დიდი ხანია, სურვილი აღარ მაქვს, ვისაუბრო ჩემს პირად ცხოვრებაზე, ჩემი ცხოვრების არასაჯარო ნაწილზე. შენ ხარ ის ერთადერთი, რომელმაც ამაზე დამითანხმა და ეჭვი მაქვს, რომ აქედან მოყოლებული კიდევ მრავალი წელი აღარ მექნება იმავეს სურვილი.


- ის, რომ შენ აღარ გსურს პირადზე საუბარი, მწარე გამოცდილების შედეგია?

 

- ასაკთან ერთად შეხედულებები იცვლება. მაშინ პატარა ვიყავი. ზოგადად, ძალიან გულწრფელი და ღია ადამიანი ვარ, რატომღაც დასაშვებად მიმაჩნდა მაშინ ამ ყველაფერზე ლაპარაკი. ახლა 45 წლის ვარ. ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, და მგონია, რომ ჩემიც არავის აინტერესებს. გაცილებით მშვიდად ვარ, როცა ჩაკეტილია ჩემი პირადი.


- ალბათ, მშვიდად არის ის მამაკაციც, ვისთან ერთადაც ცხოვრობ...

- რა თქმა უნდა, პირად ურთიერთობებში არის მეორე ადამიანიც, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე.


- იყო პრობლემები ამის გამო, ცნობილი ქალის გვერდით ცხოვრება უჭირთ მამაკაცებს?

 

- გარკვეული დისკომფორტი, ალბათ, იყო, მაგრამ მე მგონია, რომ ამის გამო მამაკაცი თუ უკან იხევს, მასთან ურთიერთობა არც ღირს.


- ჩავარდნილხარ უხერხულ სიტუაციაში ცნობადობის გამო?

 

- არასდროს. მაკვირვებენ ადამიანები, ვინც ამბობს, რომ პოპულარობა ღლის, რომ დისკომფორტი ექმნებათ ამის გამო. ბაზარშიც დავდივარ, ბაზრობაზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვსარგებლობ, ხანდახან, ეს არის ჩემთვის ენერგიის წყარო.


- როგორ გგონია, რის გამო უყვარდები პარტნიორს, მთავარი თვისება, რაც მამაკაცებს შენში მოსწონთ...

 

- არანორმალურად ერთგული ვარ, თუ მიყვარს. ყავის დასალევადაც კი არ წავალ მარტო, ისე, რომ არ ვკითხო, ხომ არ უნდა ჩემთან ერთად წამოსვლა. ძალიან ვუფრთხილდები ურთიერთობას, ვცდილობ, არ გამოვიწვიო ზედმეტი ეჭვიანობა.


- თბილი ხარ?

- არ ვიცი (იცინის), ღია და გულწრფელი ვარ. ალბათ, თბილიც.


- ეჭვიანი?

 

- ეჭვიანიც ვარ, მაგრამ არა ავადმყოფურად.


- შენი მეგობარი მამაკაცის ტელეფონი გაგიხსნია მის დაუკითხავად?

 

- (იღიმება) უნდა ვაღიარო, გამიხსნია, სმს-ებიც წამიკითხავს. მაგრამ, საბედნიეროდ, იმედგაცრუება არ მქონია. საპირისპირო შემთხვევაც მქონია, როცა ჩემს გზავნილებზე უეჭვიანია ჩემს პარტნიორს, ან ეთერში მოწვეულ სტუმარზე, რომელსაც, მისი თვალით, ზედმეტად ვეკეკლუცებოდი, ვუღიმოდი. ამ დროს იდიოტის როლში ვყოფილვარ, იმიტომ რომ, მართლა არ მახსენდება არც ერთი ეთერი, როცა ვიღაცას ზედმეტად გავუღიმე. შეყვარებული კაცისგან, ალბათ, სხვანაირად ჩანს.


- არც ბატონ ავთანდილ მარგიანს გაეპრანჭე? როგორ გაუხარდა, რომ სწორედ შენ გელაპარაკებოდა...

 

- (იცინის) გენიალური ეთერი იყო. ძალიან მძიმე დღე მქონდა. ჩემს პროდიუსერს ვთხოვე, 7-საათიანი ცოტა ლაითი ეთერი დამიგეგმე-მეთქი. ეს აღმოჩნდა ერთადერთი ეთერი, სადაც ვერ გავაკონტროლე ჩემი ემოციები, ბოლომდე ვხარხარებდი. ჩემს სიცოცხლეში პირველად ოთხჯერ გადავახვიე გადაცემა და აღმოჩნდა, რომ რეჟისორმა დამინდო, რადგან არ ჩანდა, სიცილისგან როგორ ვურტყამდი მაგიდას თავს. ავთო მარგიანს მანამდე ვიცნობდი, მაგრამ ახლა სულ სხვა ავთო ჩაერთო ჩემს ეთერში, ძალიან გავერთე.


- ინგას სამსახურისთვის სჭირდება სიყვარული?

 

- რა თქმა უნდა, სჭირდება. სიყვარული ყველაფრისთვის სტიმულია. ახლაც, როცა ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა, როცა „იმედიდან" პანღურით გამომაგდეს, სწორედ სიყვარულმა გადამარჩინა. გვერდით მყავდა არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელმაც მომცა ძალა, თავიდან, ნულიდან დამეწყო ყველაფერი. მე რომ ეს არ მქონოდა, ასე ადვილად ვერ გადავიტანდი ამ მძიმე თვეებს. სკანდალის პერიოდიც, რომელიც ჩემი პირადი კადრების გასაჯაროების მუქარას უკავშირდებოდა, ისევ იმ ადამიანმა გადამატანინა, რომელიც ძალიან მიყვარს.


- რა არის შენი ბიჭის საუკეთესო თვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის?

 

- ერთგულება, მეგობრობა. ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები, ერთმანეთის ყველაფერი ვიცით, ერთმანეთის გვიხარია, გვწყინს, ერთად განვიცდით. იმდენად სავსეა ეს ურთიერთობა, ჩვეულებრივად დავხუჭე თვალები, გავიარე და გამომივიდა. პირველად, როცა ეს მუქარა დაიდო ინტერნეტში, ჩემმა შვილმა დამირეკა, მითხრა, რომ მზად ვყოფილიყავი. შოკი რომ მივიღე და ნერვიულობისგან თავი გამიცხელდა (10 წუთის განმავლობაში მეგონა, რომ მოვკვდებოდი), დამირეკა ჩემმა შეყვარებულმა და მითხრა, რა მოხდა, გავიაროთ, გავუძლებთო. მან გამიმარტივა, დამაჯერა, რომ ვინც ამას გააკეთებს, მწარედ დაისჯება, რომ ამის გამო ცხოვრება არ უნდა დამემთავრებინა.


- გგონია, რომ გადაიარა?

 

- არ მგონია, რა წამშიც დასჭირდებათ, იმ წამს განაგრძობენ მუქარას. უბრალოდ, ნერვიულობამ გადაიარა ჩემში, პირველივე დღეს, როცა გამოვედი და ვთქვი, რომ არ მეშინოდა.


- მარიამმა როგორ გადაიტანა?

 

- ერთი კვირის განმავლობაში ჩემზე მეტად ინერვიულა, მერე მანაც გააცნობიერა, რომ არ შეიძლება შანტაჟის ქვეშ ცხოვრება და რომ ყველაფრიდან არის გამოსავალი, ძალიან ძლიერი გოგოა მარიამი... ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მყავს ჩემი საყვარელი ადამიანი, ჩემი შვილი...


- და საყვარელი ცხოველები სახლში...

 

- ცხოველები ჩემი სისუსტეა... ყოველდღე მენატრება, სანამ სახლში მივალ. არანორმალური სიყვარული მჭირს ცხოველების მიმართ. ამასწინათ „ფეისბუქზე" გავრცელდა კადრები, როგორ აწამებენ ბავშვები ძაღლებს და მივხვდი, მკვლელობას სწორედ ამ მომენტში ჩავიდენდი. საერთოდ, მინდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი საქმითაც დავუკავშირდე ცხოველებს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამაზე ვფიქრობ.


- გქონია მომენტი, როცა გიფიქრია იმაზე, რომ ძაღლებს უფრო მეტს ეფერები, ვიდრე შვილს?

 

- კი, ეს მართლა ასეა. ჩემი შვილი სულ ამბობს, რომ მე არ ვიცი მოფერება. ცოტა ჩაკეტილი ტიპი ვარ, რამდენადაც მიყვარს ადამიანები, შეიძლება იმდენად ვერ გამოვხატავ, მაგრამ ძაღლების შემთხვევაში, ეს ასე არ არის. შემიძლია, საათობით ვესიყვარულო ამ არსებებს.


- ინგა, შენ ხარ ქალი, რომელიც არასდროს მალავს ასაკს. სიბერეზე გიფიქრია?

 

- მიფიქრია და ძალიან ვნერვიულობ. ბოლო დროს, როცა კადრებს ვუყურებ, მგონია, რომ დავბერდი. იმდენად ვინერვიულე, რომ დიეტა დავიწყე. ჯანმრთელობის პრობლემებმა მოიტანა წონის მატება და ძალიან განვიცდიდი. სარკეში ჩახედვა არ მინდოდა. ათი კილოგრამი დავიკელი და გადავწყვიტე, რომ კიდევ ძალიან ბევრი ათი უნდა დავიკლო. ასაკმა შემაშინა. ერთი კილოთი მეტი უდრის + ერთ წელს. რა სასიამოვნოა სიბერე, არ მინდა დავბერდე. ვამბობდი, 40 წლის რომ გავხდები, პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ-მეთქი. ვერ გავიკეთე. 56 წლის ასაკშიც ვერ მოვახერხებ.


- რას გააკეთებ, როცა აღარ იქნები ტელეეკრანზე, გეყოლება შვილიშვილები...

 

- ძალიან კარგი სახლი მაქვს სოფელში, სადაც ხშირად მივდივარ ძაღლებთან ერთად. იქ გავატარებ ჩემს სიბერესაც. ალბათ. ძალიან მიყვარს წიგნები, მექნება ბევრი წიგნი და ვიკითხავ ბევრს.


- შვებულებას სად გაატარებ?

 

- შეყვარებულთან ერთად წავალ აუცილებლად. დასვენება ძალიან მჭირდება. წინ არჩევნებია.

 

 

ნინო მჭედლიშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner