logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე 2007-2011 წლებში 1 ლარად გასხვისებული ქონების შესახებ
- +

1 დეკემბერი. 2021. 23:11

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე 2007-2011 წლები 1 ლარად გასხვისებული ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

 

„1 ლარად გადაცემული ქონება. 2007-2011 წლები. 2012 ვრცელია. ცალკე დავდებ.

ბოლო აბზაცები განსაკუთრებით საინტერესოა.

2007 წელი

უპირობოდ გადაცემული ქონება

ამ პერიოდში ჩუქების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახებს. ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები).

 

2008 წელი

ამავე წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა 19 მაისის გახმაურებული ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.

 

2010 წელი

2010 წელს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ქუთაისში აკაკი ხორავას ქუჩა #1-ში შენობა ფართობით 1,127.64 მ2 და 22,518 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.

საინვესტიციო პირობა: საინვესტიციო პირობად სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ქუთაისის #11 სპორტთამაშების კომპლექსური სასპორტო სკოლის ჩოგბურთის სექციის აღსაზრდელებისა და ქუთაისის საჩოგბურთო ნაკრები  გუნდის მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა და ქუთაისის #10 კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეთა და ქუთაისის ცურვისა და წყალბურთის ნაკრები გუნდების მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა დაევალა.

 

2011 წელი

2011 წელს დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. მაგალითად, ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე

10001კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 239265 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მურთაზ კუპრეიშვილს (სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 386 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); კობა ახვლედიანს (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე არსებული ბინა #12 (საერთო ფართობით 78.50კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ზურაბ შამათავას (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა #43(საერთო ფართობით 132კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მარინა კუპატაძეს (ქ.ბორჯომში, ფიროსმანის ქ.#5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).

სახელწიფო ქონება ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე ერთ ლარად გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლო.-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი). აღნიშნულ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სპეციალური განცხადებაც გაავრცელა“, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner