ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მხოლოდ მწვანე პასპორტებით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით გამოსავალი ვერ იქნება მიღწეული.
მისივე თქმით, სახელმწიფო პანდემიის დაწყებიდან 2 წლის თავზე ვერც მკაცრი შეზღუდვებით გზით იმოძრავებს.
„ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის. გვესმის, რომ ეს მარტივი საკითხი არ არის. დასაწყისში კიდევ შეიძლება მსგავსი ღონისძიებების გაკეთება, იგივე უცხოური ფინანსური მხარდაჭერით, მაგრამ დღეს სახელმწიფოს ამის რესურსი არ აქვს. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
კულუმბეგოვი ამბობს, რომ 60 წლის ზემოთ მოქალაქეებში სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა.
„ჩვენ ძირითადი გენერირება მძიმე დაავადების და სიკვდილობის გვაქვს ასაკოვან ადამინებში, განსაკუთრებით 60-65 წლის ზემოთ. ამიტომ აქაც უნდა გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიც არის საფრანგეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. მე მაგალითად, მხარს ვუჭერ, რომ ასაკოვან ადამიანებში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დაწესდეს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ათჯერ შეგვიმცირებს სიკვდილობის ციფრებს. ეს ნიშნავს ათასობით ჩვენს გადარჩენილ მოქალაქეს. ამიტომ, მიზნობრივ ჯგუფებში, სადაც ყველაზე მეტი მძიმე დაავადება და სიკვდილობაა, სახელმწიფომ მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის უნდა შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, მე, როგორც ექიმი, ამას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.