„თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით,“ - ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, რომლებმაც მისი აცილება მოითხოვეს.
გიორგი მუჯირის განცხადებით, დაცვის მხარეს სურს საზოგადოებაში აღქმა გააჩინოს, თითქოს მხოლოდ პიჯაკების თუ სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი.
„დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა და აცილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ სურთ საზოგადოებაში აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებსა თუ სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება მიხეილ სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნით საქმეში არსებული ის უამრავი დანახარჯი, რომელიც წარმოდგენილია, რომელიც ცალსახად უკანონოა და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უკავშირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არის დიდი, ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება. საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, 26 მაისის შემდეგ რამდენიმე დღეში ვიზიტით სარგებლობს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და იღებს იმ ფუფუნების საგნებს, რაც მრავლად არის წარმოდგენილი 9 მილიონ ლარში. ეს თუ მორალურად მათ უქმნით დისკომფორტს, იმას არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს თუნდაც სისხლის სამართლის საქმიდან, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დავასახელო ეს ფაქტი“, - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.