logo_geo
eng_logo
არჩილ ტყეშელაშვილი: მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, მაგალითად, 350 000 ლარი სტილისტზე და მზარეულზე, 60 ათასი ლარი შვილების სწავლაზე და 720 ათასი ლარი ბოტოქსებზე დახარჯა სააკაშვილმა
- +

2 დეკემბერი. 2021. 13:57

 

„პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს,“ - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის და გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

 

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ადვოკატების შუამდგომლობა არის სრული სამართლებრივი აბსურდი.

 

ადვოკატ ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურორის განცხადება პოლიტიკური შინაარსისაა. რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი ამბობს, რომ „2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“.

 

„არანაირი პოლიტიკური შინაარსი პროკურორის გამოსვლას არ ჰქონია. თქვენ თვითონაც კარგად მოისმინეთ, რომ იყო უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია, კონკრეტული თარიღების მითითებით და იმ ხარჯების, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულ სააკაშვილს. აქ საუბარი იყო და აღნიშნულიც კი იყო, ზუსტად მისი გამაჯანსაღებელი, კოსმეტოლოგიური მომსახურების მიღების მიზნით რომ არის წასული და ამ ჩანაწერში არამარტო ამაზე იყო საუბარი, კოსმეტოლოგიური და ბოტოქსებისთვის დახარჯულია 720 ათასი ლარი და არანაირი მიზნობრივი ვიზიტი იქ არ იყო. არანაირი მიზნობრივი და სახელმწიფო დანიშნულების ვიზიტზე საუბარი არ იყო. ზუსტად ამაზე იყო საუბარი, ბუნებრივია ამ სიუჟეტში, ინტერვიუში იყო საუბარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს რომ ბრალდებული სააკაშვილი ამ კითხვებს გასცემს პასუხს, მაგალითად, 350 ათასი ლარი სტილისტზე და მზარეულზე რომ არის დახარჯული და შვილების სწავლაზე 60 ათასი ლარი რომ არის დახარჯული. ესეც გაეშვათ. მხოლოდ და მხოლოდ იყო ფაქტების კონსტატაცია. ფაქტის გარდა არანაირი შეფასება არ ყოფილა ამ ინტერვიუში. იყო მხოლოდ ფაქტები და ბუნებრივია, ამ ფაქტებზე გვინდა ჩვენ პასუხების მოსმენა. ამიტომ შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი, არანაირი აცილების საფუძველი, პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს. ეს არის ბრალდების არსიც, შინაარსიც და ამიტომ ვართ რომ ამაზე პასუხები გაეცეს“, - განაცხადა პროკურორმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

 

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

 

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner