„ორივე სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის მცდელობა აქვს, რომ საკუთარი პატიმრობა დააკავშიროს რუსეთის ინტერესებს – ეს სრულიად არაბუნებრივია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს მისი რეალური სახე.
„სრულიად რეალურ ფაქტებზეა საუბარი – პირადი მოხმარებისთვის იქნა გახარჯული ბიუჯეტის თანხები, მათ შორის 500 ათასი დოლარი ბოტოქსის და სახის პროცედურებზე, გასახდომ პროცედურებზე, სტილისტის მომსახურეობაზე, უცნაური მეთოდით ჩატარებულ მასაჟზე და მრავალი სხვა. ამიტომ არახალია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს ჰყოფნით თავხედობა და ამგვარ საქმეებს უწოდებენ არაშესაბამის სახელებს – გირგვლიანის საქმეს „პიარულს“ და ამართლებენ 7 ნოემბრის ყველა საქმეს. ასე რომ, ეს პროცესები მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
მან პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეკრებები ამომრჩევლის კონსოლიდაციისთვისაა, თუმცა „საზოგადოება საკმაოდ განვითარდა იმისთვის, რომ აქციებითა მსგავს საკითხებს აქციებით წყვეტდეს“.
„საზოგადოებისთვის ძალიან თვალნათელია, აქციების დროს, როდესაც დიდი მცდელობა აქვთ, დესტაბილიზაცია შეიტანონ არსებულ გარემოში, ვინ და რა მიზნით არიან დაკავებულები. მიმდინარე საქმეებია და როგორც პოლიტიკოსი, თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებები გავაკეთო და ვინმეს ბრალი წავუყენო. მცდელობა, რომ ამ დაკავებებს, რომელიც ნამდვილად წესრიგის და სამართლის აღდგენას ემსახურება, პოლიტიკური შინაარსი მისცენ, აბსურდულია. ყველა კარგად ვხედავთ, რისთვის იმართება ეს აქციები, რომ გარკვეულწილად მოსახლეობის და მათი ამომრჩევლის ერთიანობა და კონსოლიდაცია დააორგანიზონ. თუმცა, მიხარია, რომ საზოგადოება საკმაოდ განვითარდა იმისთვის, რომ აქციებითა და ქუჩის დემონსტრაციებით არ წყვეტდნენ მსგავს საკითხებს. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც ის გასამართლდება კანონის მიხედვით და სასამართლოც მაქსიმალურად სამართლიანი იქნება“,- განაცხადა დეპუტატმა.