არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს მთავრობას, ბიზნესისთვის შესანიშნავი გარემოს შექმნისთვის მადლობას უხდის. შეიხმა ამის შესახებ 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილთმორ თბილისის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ჩემო ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვაფასებთ, რომ შესანიშნავი ქვეყანა - საქართველო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, ვითარდება იმ პრინციპების შესაბამისად, როგორებიცაა, მიზანდასახულობა, ერთგულება და იმედი. მას მართლაც რომ შესანიშნავი მომავალი აქვს. დღევანდელი საღამო იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია, რომელსაც ამ შესანიშნავმა სახელმწიფომ მიაღწია. ეს საქართველოს შვილების მიერ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული წარმატებული ძალისხმევის შედეგია. ეს არის შესანიშნავი სიახლე ახალი აბრეშუმის გზით დაინტერესებული პირებისა და მათი ქართველი მასპინძლებისთვის, რადგან თბილისი ახალი აბრეშუმის გზის გულში იმყოფება. რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ულამაზეს "ბილთმორის" სასტუმროში შეაბიჯებენ სტუმრები და მასპინძლები. ეს ადგილი მართლაც ღირსშესანიშნავია - მისი წყალობით საქართველოს უმნიშვნელოვანესი სახელი და ისტორია დაუკავშირდება სიახლესა და ინოვაციას, 21-ე საუკუნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას", - განაცხადა შეიხმა.
შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანის განცხადებით, "ბილთმორის" ქსელის პირველი სასტუმრო ლოს-ანჯელესში, ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით კი კინომოყვარულებისთვის, რადგან ის 100-ზე მეტი ფილმის გადაღების ადგილია. შეიხი დარწმუნებულია, რომ კინოს გადაღების ლოკაციის შერჩევისას, ყველა თანამედროვე პროდიუსერი არჩევანს "ბილთმორ თბილისზე" შეაჩერებს.
"ვის შეუძლია, გაუძლოს საქართველოსა და "ბილთმორის" ცდუნებას. ჩვენც კი, არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებს, არ შეგვიძლია, გავუძლოთ იმ შთამბეჭდავი გარემოს ცდუნებას, რომელიც აქ სუფევს და ამ ქვეყანას ყველა სხვა სახელმწიფოსგან განასხვავებს. ეს გარემო ამ საღამოსაც თვალშისაცემია - საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის შემდეგ, სწორედ ამ განწყობამ აქცია თბილისი ამ შესანიშნავი სასტუმროსთვის იდეალურ ადგილად. საქართველო, ისევე როგორ მისი დედაქალაქი, უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ადგილია - ეს იდეალური ადგილია ბიზნესის წარმოებისა და სამყაროს შესაცნობად", - განაცხადა შეიხმა.
მისი შეფასებით, საქართველომ დაიმსახურა მოგზაურთათვის სასურველი დანიშნულების ადგილის რეპუტაცია, ვინაიდან, ქვეყანაში ყოფნის მანძილზე, სტუმრებს შეუძლიათ, დატკბნენ სტუმართმოყვარეობით.
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ტოლერანტული, ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა, იგი იქცა ქვეყნად, რომელიც მზადაა, თვალი გაუსწოროს რეალობას და მომზადებული შეხვდეს გლობალურ გამოწვევებს. დიდი და სწრაფად განვითარებადი ისტორიის მქონე საქართველო კიდევ უფრო ბევრ სტუმარს გაუწევს მასპინძლობას. ჩვენ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მსგავსი ფენომენის მოწმენი გავხდით - ჩვენი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ბრძნული ხელმძღვანელობის შედეგად, ჩვენს ტრადიციულ არაბულ კულტურას არათუ საფრთხე არ შექმნია, არამედ გაძლიერდა კიდეც სხვადასხვა კულტურებთან ინტერაქციის შედეგად. ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი კულტურის საუკეთესო მხარე მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა. თანამედროვე მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში საქართველოს მზარდი როლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ "ბილთმორ თბილისი" წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის სასტუმროს, სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს - მისი სახელი საუკეთესოსთან ასოცირდება. სასტუმრო ათასობით სტუმარს უმასპინძლებს, იქცევა ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ სიამაყით გამსჭვალულ ქართველთა სოციალურ ცენტრად. კულტურათა ამგვარი ერთობა გააძლიერებს ქვეყანას და ხელს შეუწყობს აბრეშუმის ახალი გზის განვითარებას",- განაცხადა შეიხმა.
მან გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა სახელით, თანამშრომლობისა და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს საღამო სიამაყის საფუძველს აძლევს.
"განსაკუთრებით მადლიერი ვარ ამ პროექტის მანძილზე გამოჩენილი კოოპერატიული თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის - მეგობრობის მნიშვნელობას პირველად შოთა რუსთაველის მიერ 800 წლის წინ გაესვა ხაზი. დიდ მადლობას გიხდით მეგობრობისთვის - "დაბი ჯგუფი" აფასებს ამ მეგობრობას. პირობას ვაძლევ საქართველოს მთავრობასა და ქართველებს, რომ ეს სასტუმრო იქნება წარმატებული საერთაშორისო ინვესტიციის მაგალითი და საქართველოს ეკონომიკას დიდ სამსახურს გაუწევს", - აღნიშნა შეიხმა.