საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე წარდგა.
თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მთავარ და აქტუალურ საკითხზე - ახალგაზრდებისა და ბავშვების დაცულობაზე ციფრულ სივრცეში.
მოხსენება ეხებოდა არაერთ მექანიზმს, როგორც მედიაწიგნიერების დანერგვისა და გაძლიერების, ისე სხვადასხვა მედია პლატფორმის, მათ შორის, სოციალური მედიის სივრცეში დაცვის მექანიზმებს, რომლებიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
„ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან ახალგაზრდები მეტ დროს ატარებენ ციფრულ სივრცეში. ერთის მხრივ, ეს არის მათთვის შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა პლატფორმაზე, იზრდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ონლაინკომუნიკაციის საშუალება, განსაკუთრებით - განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით, თუმცა მეორეს მხრივ, ციფრული სივრცე სავსეა მთელი რიგი საფრთხეებით. ბავშვები და ახალგაზრდები, როგორც მოწყვლადი ჯგუფი, არიან დაუცველები დეზინფორმაციისაგან, ძალადობრივი ენისგან, სიძულვილისგან და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან და ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი ჩათრევის საფრთხისგან“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
მომხსენებელი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც კარგი საერთაშორისო სტანდარტია და ამ საფრთხეებითა და ხიფათით სავსე პროცესებში, ბავშვების დაცულობას გულისხმობს.